ბათუმი „ლეოგრანდის“ ტრაგედიას არ დაივიწყებს

10 თებერვალი

                 

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - ფატი ხალვაშთან, ნუკრი ბეჟანიძესთან და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრო. ინიციატივა საქართველოს პარლამენტში ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სახელოვან სპორტსმენს მუხრან ვახტანგაძეს ეკუთვნის და მის ამ წამოწყებას, სპორტსმენებთან ერთად ხელოვანებიც შეუერთდნენ.

   რაგბში, მკლავჭიდსა და ქუჩის ხელბურთში  გამართული შეჯიბრებების შემდგომ, ღონისძიებების მონაწილეები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც ტრაგედიისას დაღუპული 11 ახალგაზრდის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

  სპორტული და კულტურული ღონისძიებები ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.