20 თებერვალი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის 20 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა კანონის პროექტის მომზადების წინაპირობებსა და მიზეზებზე, პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, ასევე უპასუხა კომისიის წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

     კომისიას კანონის პროექტთან დაკავშირებული წინადადებები წარუდგინა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. მან კოლეგებს კანონპროექტთან დაკავშირებულ ოქმზე ოპოზიციის მიერ მომზადებული დასკვნის დამატებისა და წარმოდგენილი შენიშვნებისათვის კენჭისყრის წინადადებით მიმართა. თუმცა, როგორც სხდომაზე აღინიშნა,  უმცირესობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებს შორის გარკვეული ნაწილი კანონის პროექტის პირველ, ხოლო ნაწილი მეორე მოსმენას ექვემდებარება და ამდენად, მათზე მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება.

    გარკვეული საკითხების განხილვის შემდეგ კომისიამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი პირველი მოსმენისთვის საკმარისად მომზადებულად მიიჩნია. კენჭისყრისას ამ წინადადებას მხარი მხოლოდ გია აბულაძემ არ დაუჭირა.