05 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 5 მარტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს -  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

   მომხსენებელმა კომისიის წევრებს განვლილ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია და კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების წარდგენის შემდეგ უპასუხა კომისიის წევრების შეკითხვებს, ასევე, მოისმინა მათი შენიშვნები და მოსაზრებები.

   სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი შენიშვნები ამავე ფრაქციის წარმომადგენელმა გია აბულაძემ წარმოადგინა, თუმცა, მათ განხილვამდე, კომისიის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების გამოქვეყნებისა და საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრების მიერ კანონის პროექტთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებების წარდგენის წინადადებით მიმართა.

   ოპოზიციური ფრაქციის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს კანონმდებლებმა სათითაოდ უყარეს კენჭი და მათი გარკვეული ნაწილი გაიზიარეს.

   შესვენების შემდეგ კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის შენიშვნები განიხილეს. საბოლოოდ კი, სხდომაზე გამოთქმული და მომხსენებლის მიერ გაზიარებული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.