06 მარტი

                     

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია 6 მარტს პლენარული სხდომით გაიხსნა და მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.  

    სხდომის დასაწყისში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მწუხარება გამოხატა კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდის - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა, რომლის წინაშეც მისი ოჯახი ოჯახი აღმოჩნდა, ოპერატიულად მოგვარდება. უმაღლესი საბჭოს წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმაც.

       საერთო განწყობას შეუერთდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე, თუმცა მან აქვე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ფრაქცია კანონის პროექტის ფორმალურ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებდა. გია აბულაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტს მმართველი პარტიის კონსტიტუცია უწოდა და თანაფრაქციელებთან ერთად, ბოიკოტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა.

       ოპოზიციის ბრალდებებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა უპასუხეს. თავისი მოსაზრება გამოხატა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ცინცქილაძემ (პარტია „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“). მისი განცხადებით, კანონის პროექტის ასეთი მასშტაბური განხილვა მისასალმებელია და მისი გაცნობის საშუალება საზოგადოების ფართო ფენებს უდავოდ ჰქონდათ.

    განცხადებების შემდეგ, სხდომას, კანონდებლობის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე წარუძღვა, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

      მომხსენებელმა, თავდაპირველად, სხდომის მონაწილეებს კანონის პროექტის საჯარო  განხილვებსა და საზოგადოების ფართო წრეების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე მიაწოდა ინფორმაცია. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისიას, მედიის წარმომადგენლებსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებს საჯარო განხილვებში გაწეული საქმიანობისა და აქტიური ჩართულობისათვის.

     დავით გაბაიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება. ესენია: 1) ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ახალი კონსტიტუციური კანონით დადგენილი ვალდებულებებით, 2) ცვლილებები, რომლებმაც უნდა აღმოფხვრას ავტონომიური რესპუბლიკის  მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები და 3) ცვლილებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სახელისუფლებო ორგანოებს შორის ბალანსი. მომხსენებელმა სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე, რომლებიც მასშია გაწერილი.

       მომხსენებელმა აქვე ისაუბრა კანონის პროექტში ასახულ შენიშვნებსა და წინადადებებზე, რომლებიც კომისიებმა და ფრაქციებმა წარმოადგინეს, ამასთან, სხდომის მონაწილეებს გააცნო ის არგუმენტებიც, რომელთა გამოც ესა თუ ის მოსაზრება ვერ აისახა საკონსტიტუციო ცვლილებებში. დავით გაბაიძემ უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, რომელთა ნაწილი ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს, საარჩევნო სისტემას, სახელმწიფო სიმბოლიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.

      თანამომხსენებელმა - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ ძირითადად ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

     კანონის პროექტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა დამოუკიდებელმა დეპუტატმა (პარტია „ევროპული საქართველო“) პეტრე ზამბახიძემ. მისი აზრით, პროექტით გარკვეულწილად მცირდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები, ამასთან, ის გამოეხმაურა საარჩევნო საკითხსაც.

   საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი პირველი მოსმენით 14 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

      საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.