14 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - „ფესტივალები განვითარებისთვის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კონფერენციაში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ფესტივალების მენეჯერები მონაწილეობენ. საერთაშორისო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.

   როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა აღნიშნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, მით უფრო, რომ ევროკავშირის შიდა პროდუქტის 8 % კულტურის ეკონომიკიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.

   კონფერენციის  მიზანი კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში  ფესტივალების წვლილისა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ქართულ-ბრიტანული გამოცდილების გაზიარებაა. 

   საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ბრიტანული ფესტივალების მნიშვნელოვანი ორგანიზატორებმა და საფესტივალო ქალაქების ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრიტანული ფესტივალების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებზე ისაუბრეს. ორგანიზატორთა განცხადებით, საერთაშორისო კონფერენცია აჭარის და კერძოდ, ბათუმის  საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გარდაქმნის ხელშეწყობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.