14 მარტი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს, აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები, სასტუმრო „რედისონში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ.

     შეხვედრა-დისკუსია, რომლის მთავარი მიზანი აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გახლდათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისის  მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ გახსნა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები მონაწილეობდნენ.

     უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“  კონსტიტუციური კანონის პროექტი გააცნო, ისაუბრა ქვეყნის კანონმდებლობით გამოწვეულ ცვლილებებსა და  პროექტით გათვალისწინებულ იმ ბერკეტებზე, რომლებიც სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსზეა ორიენტირებული. დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა სიახლეებსა და საარჩევნო სისტემაზეც, რაც ერთმნიშვნელოვნად კანონის პროექტის საჯარო განხილვების დროს გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე გადაწყდა.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის ლიკა საჯაიას შეფასებით, მისასალმებელია, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვებმა მთელი რეგიონი მოიცვა. მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის ზედამხედველობის ფუნქციის გაზრდა და საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, დადებითი მოვლენაა.

     შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა.

       შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.