20 მარტი

                                  

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-8 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

        დღის წესრიგის პირველი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, მისი მიღების შემთხვევაში, გაეგზავნება საერთაშორისო საზოგადოებას. ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საკითხის საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას.

       ბიუროს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით ასევე განიხილება უმაღლესი საბჭოს  უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე. საკითხი ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა.

     ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი  ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.