21 მარტი

  დღის წესრიგის პირველი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეზოლუციის პროექტი „ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“ მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტზე ერთობლივად იმსჯელეს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა.

   ანალოგიური განცხადება გააკეთა თანამომხსენებელმა - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ. მცირე რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტს სხდომაზე დამსწრე 16-ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

   დღის წესრიგის მეორე საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, რის გამოც, სხდომას, რეგლამენტის შესაბამისად, დროებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

    საკითხის განხილვამდე, სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, დატოვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა პეტრე ზამბახიძემ. მან უმრავლესობა რეგიონის, ასევე უმაღლესი საბჭოს უფლებების დაკნინებასა და მისი შენიშვნების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

   მცირე შესვენების შემდეგ, სხდომა მომხსენებლის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, კოლეგებს, საორგანიზაციო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ შრომატევად პროცედურებში აქტიური მონაწილეობისა და საქმიანობისთვის.

   -ჩვენ მივიღეთ მკაფიო მესიჯები მოსახლეობისგან და გარკვეული ცვლილებები, მათ შორის საარჩევნო სისტემის არჩევანი, სწორედ მოქალაქეთა მოსაზრებების შედეგად გავაკეთეთ, - აღნიშნა დავით გაბაიძემ. მომხსენებელმა აქვე ისაუბრა პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ჯერ კიდევ სამუშაოა სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებით, რაც უახლოესი მომავლის საქმეა. მან კოლეგებს კანონის პროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

    კენჭისყრის წინ რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 15-მა წევრმა, მათგან 14-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი, მხოლოდ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ცინცქილაძე აღმოჩნდა.

    კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში კუთვნილი ადგილი  დაიკავა და კოლეგებს კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება მიულოცა.

    დღის წესრიგის მესამე საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, საკონსტიუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. საკითხი კანონმდებლებმა ამჯერადაც 14 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი კვლავ გიორგი ცინცქილაძე აღმოჩნდა.