23 მარტი

                    

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დავით ბაციკაძემ, ასმათ დიასამიძემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. მათ თავისუფლების მოედანზე მდებარე გმირთა საფლავები ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

      23 მარტი ბათუმისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ზუსტად 97 წლის წინ, გენერალ  გიორგი მაზნიაშვილის საჯარისო ნაწილების მებრძოლთა თავდადებით დედასამშობლოს ბათუმი, აჭარას დაუბრუნდა. თუმცა, გმირთა საფლავები წლების განმავლობაში ასფალტის სქელი ფენით იყო დაფარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში პატრიოტთა ერთმა ჯგუფმა დაღუპულთა საძმო საფლავის დასადგენად ბრძოლის სავარაუდო ადგილის - ბათუმის ცენტრალური მოედნის გათხრა მოითხოვა. აქ აღმოჩენილი გმირთა ნეშტები პატივითა და დიდებით დაკრძალეს საძმო საფლავში, თავისუფლების მოედანზე,  სადაც ყოველ წელს იკრიბებიან ბათუმელები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გულშემატკივრები.