04 აპრილი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ ბიზნეს ფორუმს -„ბათუმი-ვროცლავს“ დაესწრნენ.

    სამუშაო ბიზნესშეხვედრაზე, რომელშიც აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი ივონა კრავჩუკი, ქვემო სილეზიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯულიან გოლაკი, ქვემო სილეზიის პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრები - რამაზ ბოლქვაძე, ავთანდილ მესხიძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი, ჩვენი რეგიონისა და ქვემო სილეზიის ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აჭარისა და ქვემო სილეზიის საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესის დაწყების რეგულაციები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

   ფორუმის ფარგლებში გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და პოლონეთის დელეგაციის შეხვედრა. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ერთობლივი პროექტების, კერძოდ, ქართველი მედიკოსების პოლონეთში გადამზადების პროგრამის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს.

    შეხვედრის დასასრულს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა პოლონეთის დელეგაციის წევრებს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.