საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საკომიტეტო განხილვები დასრულდა

27.აპრილი.2026

   აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა - მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ, ზურაბ პატარაძე, მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებიწარდგა.

    „ეკონომიკური ზრდა, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბიზნესის მხარდაჭერა რაც, ქმნის მყარ საფუძველს რეგიონის სტაბილურობისთვის. მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ყალიბდება თავისუფალი და კონკურენტული გარემო, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი განვითარებაა,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

     მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უპრეცენდენტო ეკონომიკურ ზრდას განიცდის. ბოლო წლებში სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა. ზურაბ პატარაძემ, რეგიონის საკეთილდღეოდ გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს - სულხან თამაზაშვილს და ახალ, საპასუხისმგებლო პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

    სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის  მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე.

      კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ექვსივე დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს. წინააღმდეგი მხოლოდ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი - არჩილ სამნიძე იყო.

სურათები