საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10.მაისი.2026

    9-10 მაისს, ბათუმმა კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ასპარეზობის გახსნის ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, საქართველოს სპორტის მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან - ირაკლი მეძმარიაშვილთან და ირაკლი დოლაბერიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან ერთად დაესწრო.

    ჩემპიონატი, რომელშიც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი დოლაბერიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ და  ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა, რემიგიუშ კარპინსკიმ გახსნეს.

   კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში მესამედ, ბათუმში კი პირველად ჩატარდა. 2016 და 2021 წლებში ტურნირს თბილისმა უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიების შემდეგ, გაიმართა ფინალური შეხვედრები და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. პრიზიორთა ნაწილს ჯილდოები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ გადასცა.

     საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ასპარეზობა 15 მედლით დაასრულეს - ეროვნულმა ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლი მოიპოვა.

     ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

სურათები