„გარემოს დაცვითი მიმართულებით მსოფლიოში არაერთი გამოწვევაა, რაც, ცხადია, ჩვენზეც აისახება. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მუშაობა შესაძლებლობას გვაძლევს, ერთად ვიმსჯელოთ და მოვამზადოთ წინადადებები, რეკომენდაციები ლოკალურ თუ ზოგად საკითხებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრიდონ ფუტკარაძემ ამავე კომიტეტის სხდომაზე.
კანონმდებლებმა, კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ, საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელეს. დებულების პროექტი, შეკრებილებს, ფრიდონ ფუტკარაძემ გააცნო.
საბჭო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის წევრებს, ამავე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ პროფესიონალებს, სახელმწიფო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს, 23 წევრისგან შედგება. საბჭო საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე სათათბირო ორგანოა და მას ფრიდონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს.
დებულების დამტკიცების შემდეგ, გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრა, რომელზეც საბჭოს მდივანად ერთხმად აირჩიეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი - რუსუდან შავაძე.
საბჭოს წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით.

















