აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ფიჭვნარში, ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
„ფიჭვნარი ქობულეთის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელიც ადგილობრივებისა და დამსვენებლების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა და ახალი ზღვისპირა პარკი კიდევ უფრო მეტ ხიბლს შემატებს ამ ულამაზეს სანაპიროს“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია - 600 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ბულვარი.
პროექტის დასრულების შემდეგ ქობულეთის სანაპირო ზოლში, ბულვარის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება სრულად კეთილმოწყობილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, ტურისტული და რეკრეაციული ზონა შეემატება.

