საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

31.მაისი.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი - რევაზ სოხაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან - ცოტნე ანანიძესთან, ზურაბ პატარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

         უშუალოდ ობიექტებზე გასვლამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ყურადღება გამახვილდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციაზე, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განახლებაზე, ახალი სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ურბანულ განახლებაზე. 

            მინისტრის განცხადებით, ბათუმი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი ქალაქი გახდება, რისთვისაც კვლავაც აქტიურად გაგრძელდება მისი ურბანული განვითარება, ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური უწყების კოორდინირებული მუშაობა, აღნიშნული პროცესების კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელების გარანტიაა.

     შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, მათ შორის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე აქ უკვე ეწყობა ავტობუსის მოსაცდელები, ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, ასევე მიმდინარეობს მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრების, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობისა და საყრდენი კედლების სამშენებლო სამუშაოები. 47 კმ-იანი მონაკვეთიდან 41 კილომეტრზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6-დან 3 კილომეტრიან მონაკვეთზე კი ასფალტის პირველი ფენა. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის გარეშეა მხოლოდ 3-კილომეტრიანი მონაკვეთი.

    საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრასა და ობიექტებზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - მზია გიორგობიანი, ილია ბეგიაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე.

სურათები