31 მაისს, ჩვენს ქვეყანაში, პოლიციელის დღე აღინიშნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
სამართალდამცავებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ, გაიმართა საზეიმო მსვლელობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის პოლიციელები I და II ხარისხის მედლებით დააჯილდოვა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დაესწრნენ.

















































