საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

03.ივნისი.2026
     ქართული სპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა - ბათუმი პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. სპორტული ასპარეზობის გახსნის საზეიმო ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრენ.
     საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. ასპარეზობის მიზანი ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია, რეგიონებში სპორტული ცხოვრების გააქტიურება, ნიჭიერი სპორტსმენებისა და მომავალი ჩემპიონების გამოვლენაა.
     საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი - შალვა გოგოლაძე, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი - ელგუჯა ბერიშვილი. ოლიმპიური დროშის აღმართვის შემდეგ, დაიდო ოლიმპიელთა ფიცი და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
     ფესტივალი, რომელიც სპორტის 17 სახეობაში ტარდება, 6 ივნისს დასრულდება. მასში 1200 სპორტსმენი, ქვეყნის ყველა, თორმეტივე რეგიონის ნაკრები გუნდები და წამყვანი სპორტული ორგანიზაციები მონაწილეობენ. ამასთან, ამ მასშტაბისა და ფორმატის პირველი მულტისპორტული შეჯიბრება 14-17 წლის ახალგაზრდებისთვის საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.
სურათები