აჭარის მაღალმთიანეთში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული დღესასწაული - „სელიმობა“ აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს, ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეები ჯერ სხალთის მუზეუმს ესტუმრნენ, შემდეგ კი სხალთის ტაძარში, სელიმ ხიმშიაშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.
„სელიმობა“ სერიყანაში, გმირი მამულიშვილის თავის მოკვეთის ადგილზე აღმართულ მემორიალთან გაგრძელდა. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებული მამულიშვილი და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
„სელიმობა“, ტრადიციულად კონცერტით დასრულდა, რომელშიც შუახევისა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

























