საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

05.ივნისი.2026
ბათუმში, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, აჭარის კულტურის მინისტრთან - ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრნენ.
„ეს ემოცია, რომელიც ახლა ვნახეთ, ეროვნული ემოციაა და მას ესთეტიკურ აღქმასთან, სილამაზესთან ერთად, ყველაზე მთავარ ძალას, ნაპერწკალს ჩვენი გენეტიკა აძლევს. სწორედ ეს ფესვები, დღევანდელი სანახაობით, ამ ბავშვებით, ჩვენი მარადიული მომავალია და რა თქმა უნდა, ყველა გამარჯვებულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს წარმატებული მომავალი გარდაუვალია“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ფესტივალის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს, მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ფესტივალის მთავარი ჯილდო - „გრანპრი“ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლაშქარს“ - ხელმძღვანელი ლაშა გოგიტიძე, გადასცა.
„გრანპრით“ დაჯილდოვდნენ - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლის ანსამბლი, ხელმძღვანელი - ეთერ დარჩიძე და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცერული“ , ხელმძღვანელი - ნათია შალიკაშვილი, რომელთაც ფესტივალის უმაღლესი ჯილდოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ და კულტურის მინისტრმა - ელისო ბოლქვაძემ გადასცეს. დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფები.
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის - ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში, გამართული ოლიმპიადის მიზანი ახალგაზრდებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა-პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარებაა. გალაკონცერტამდე, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ჩატარდა ორი შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 30-მდე ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლი და 800-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა. დასკვნითი საღამოსთვის, კომპეტენტურმა ჟიურიმ 13 ანსამბლი შეარჩია.
გალაკონცერტსა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში - ანზორ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
სურათები