საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

11.ივნისი.2026

    აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ერთად, საქართველოს ჩემპიონი ბათუმური გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

    „ ყველა ბათუმელმა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გულშემატკივარმა გაიზიარა ემოციები, რომლებითაც სავსე იყო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში გამართული სპორტული ასპარეზობები. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სპორტსმენების მაგალითი განსაკუთრებით ფასეულია. ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმე საქართველოს პოლიტიკური გეოგრაფიისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ღირსეული წარმოჩენისთვის“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
       საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ 2010 წელს დაარსდა და არაერთხელ მონაწილეობდა საქართველოს უმაღლესი დონის საკალათბურთო ტურნირებში. 2026 წლის სუპერლიგის ფინალში ბათუმელებმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
       მრავალწლიანი გამოცდილებისა და ტრადიციების სარაგბო კლუბი „ბათუმი“ სამგზის საქართველოს ჩემპიონი და ორგზის - ვიცე-ჩემპიონია. აპრილში, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში „ბათუმი“ ჩემპიონის ტიტულს მეოთხეჯერ დაეუფლა.
        16-წლიანი ისტორიის მქონე ხელბურთის კლუბი „ბსბ ბათუმი“ საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი და საქართველოს თასის რვაზის გამარჯვებულია. წელს, ბათუმელმა სპორტსმენებმა, 36-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეათედ მოიპოვეს.
     შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მერი -გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სურათები