აჭარის უმაღლესი საბჭოში, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ლაშა სირაბიძემ და ილია ვერძაძემ, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დონეზე და საქართველოში მოქმედ მექანიზმებზე, მსოფლიოს მასშტაბით მიღებულ დეკლარაციებსა და კონვენციებზე, მათი შესრულების მონიტორინგსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც უმაღლესი საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმებით, უფლებები თანაბრად ვრცელდება ყველა ბავშვზე, მიუხედავად სოციალური კუთვნილებისა და ასაკისა. დისკრიმინაციის დაუშვებლობა არ გულისხმობს ყველა ბავშვთან ერთნაირ მოპყრობას. ყურადღება გამახვილდა დღეს არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ბულინგისა და არასრულწლოვანთა იძულებითი შრომის საკითხებზე.
კანონმდებლებმა მოისმინეს მოსწავლეების მოსაზრებები და უპასუხეს მათ კითხვებს.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას ბათუმის მეორე, მერვე საჯარო, კავკასიის ბიზნეს-სკოლის, „გორდასა“ და „მასტეკლასის“ უფროსკლასელები და პედაგოგები ესწრებოდნენ.









