საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19.ივნისი.2026

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - ილია ვერძაძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია , პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.

      ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ, ხოლო თანამოხსენებით - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დენის სალუქვაძემ წარადგინეს.

      ედნარ ნატარიძის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მზარდი ბიუჯეტის პირობებში გათვალისწინებულია  ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული, ტურიზმის განვითარების, მაღალმთიანი აჭარის გაძლიერების და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება.

      ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტებად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში, სოციალური დაცვის პროგრამების გაფართოება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერა განისაზღვრა.

      აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით პრიორიტეტს წარმოადგენს : ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ტრადიციული კულტურებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ფერმერების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე აგროტურიზმის განვითარება. გარემოს დაცვის სფეროში  მნიშვნელოვან მიმართულებებად რჩება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების დაცვა, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცული ტერიტორიების გაფართოება და მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

      მოხსენებებისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ დოკუმენტზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

სურათები