კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ბიზნესფორუმი კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვას და მის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად.
საინვესტიციო კონფერენციაზე, ინვესტორებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს. გოდერძის განვითარების გეგმებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე, მონაწილეებმა ინფორმაცია აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს. საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა, კონფერენციაზე, თიბისი კაპიტალის გუნდმა წარმოადგინა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ, თიბისის ბანკის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი თხელიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ და თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე- პრეზიდენტმა - ირინა კვახაძემ.
როგორც აღინიშნა, აჭარა საინვესტიციო თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ქვეყნის მასშტაბით, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა სექტორში. დღეს კურორტ გოდერძიზე უკვე 9 სასტუმროკომპლექსი ფუნქციონირებს, მათ რიცხვს, უახლოეს მომავალში კიდევ 20-მდე ახალი მსგავსი ობიექტი შეემატება.
კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.





















