საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

15.ოქტომბერი.2026
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.
 
მომხსენებელმა, უპირველესად, საბიუჯეტო ცვლილებების მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, ეკონომიკური პარამეტრები მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მინისტრის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად მომზადდა. ძირითადი ცვლილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებითაა გათვალისწინებული და 10 მილიონ ლარზე მეტი ონკოლოგიური, კარდიოლოგიური და ქირურგიული პროგრამების, ასევე მაღალი სიზუსტის კვლევების დაფინანსებაზე გაიხარჯება.
 
კანონის პროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 002 000 000 ლარია. 42 000,0 ათასი ლარით იზრდება შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, აქ მატება 2 000,0 ათასი ლარია. ცვლილებებია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც, რაც სამინისტროების ბიუჯეტებში პროგრამულ შიდაგადანაწილებას ითვალისწინებს.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და მინდია დიასამიძემ საბიუჯეტო ცვლილებები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათი საჭიროებების გათვალისწინება ხელისუფლების უმათავრესი მიზანია.
 
ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სურათები