საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

15.ოქტომბერი.2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა. კანონის პროექტი კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარუდგინა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონის პროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 002 000 000 ლარია. ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება.
 
პირველ და მეორე კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულების ფონზე, გაიზარდა საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000,0 ათასი ლარით. აღნიშნული ცვლილება სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებთან ერთად( 2 000,0 ათასი ლარი), სრულად ბალანსდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლის შესაბამისი მოცულობის შემცირებით.
 
უმთავრესი ცვლილება, ედნარ ნატარიძის განცხადებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას ეხება - 10 მილიონ ლარზე მეტი ემატება ონკოლოგიური, კარდიოლოგიური და ქირურგიული პროგრამების, ასევე მაღალი სიზუსტის კვლევების დაფინანსებას. შედეგად, ათასობით მოქალაქეს საშუალება ექნება ისარგებლოს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით.
 
კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 162 393 200 ლარი, განათლებისა და სპორტის სამინისტრო - 119 001 800 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 97 000 000 ლარი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო - 40 939 600 ლარი • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო - 52 000 000 ლარი. 500 ათასი ლარით იზრდება სარეზერვო ფონდი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე გაიხარჯება.
 
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას
სურათები