აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
კანონპროექტი კომიტეტის წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარუდგინა.
მინისტრის განცხადებით, ცვლილებების ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი თანხა გამოიყოფა. დაფინანსება ონკოლოგიური, კარდიოლოგიური და ქირურგიული პროგრამების, ასევე მაღალი სიზუსტის კვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდას მოხმარდება. 500 ათასი ლარით იზრდება სარეზერვო ფონდიც, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების დაფინანსებაზე დაიხარჯება.
კანონის პროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 002 000 000 ლარია. ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება.
პირველ და მეორე კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულების ფონზე, გაიზარდა საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000,0 ათასი ლარით. აღნიშნული ცვლილება სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებთან ერთად( 2 000,0 ათასი ლარი), სრულად ბალანსდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლის შესაბამისი მოცულობის შემცირებით.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სხდომაზე ასევე მოისმინეს სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის, ნინო დოლიძის ანგარიში, რომელიც მიმდინარე წელს გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
დირექტორის განცხადებით, ცენტრი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი შესაძლებლობების განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს.
საანგარიშო პერიოდში ცენტრის საქმიანობაში 12 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო, განხორციელდა 35 ღონისძიება და პროგრამა, ხოლო საერთო ბიუჯეტმა 3 863 230 ლარი შეადგინა. ცენტრი წლის ბოლომდე კიდევ ხუთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. კომიტეტის წევრებმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის ანგარიში ცნობად მიიღეს.







