საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19.ოქტომბერი.2026

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის დასკვნითი გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი, რომელიც ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტი ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი მდიდარი ტრადიციების წარმოჩენასა და გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა. 

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა შემეცნებითი შეხვედრა და მასტერკლასი, რომელიც მიეძღვნა ჯუზეპე ვერდის გენიალურ ოპერას - „ოტელოს“ და ალექსანდრე ხომერიკის გამორჩეულ შემოქმედებით ბიოგრაფიას. შეხვედრას უძღვებოდნენ ცნობილი საოპერო მომღერალი - აჩიკო გოგიტიძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი.

ფესტივალი გრანდიოზული საოპერო საღამოთი დასრულდა და ბათუმში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელოს“ დადგმიდან 30 წლისთავს მიეძღვნა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ადგილობრივი და მოწვეული სოლისტები. მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საოპერო სოლისტებს - მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილს და ბადრი სახამბერიძეს ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ. 

მუსიკალური პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ალექსანდრე ხომერიკის მეუღლე, კონცერტმაისტერი მარინა ხომერიკი (დარჯანია). ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში ალექსანდრე ხომერიკის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აჭარის კულტურის სამინისტრო, ასევე, ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები, კლასიკური მუსიკის მოყვარულები და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები.

სურათები