აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - დავით სონღულაშვილთან, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან ერთად, აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საექსპორტო ლოგისტიკის, მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობისა და არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების საკითხებზე. ასევე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობასა და მის განხორციელებაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაქვის სანერგე მეურნეობის სათბურიც დაათვალიერეს, სადაც საქართველოს ეროვნულ კატალოგში რეგისტრირებული ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
















