26 მარტი

 „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მსჯელობისთვის. ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორობის ჩართულობით, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ჩვენ გადავდივართ თანაშრომლობის, ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე. აჭარის უმაღლესი საბჭო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ცდილობს ეფექტურად განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც გენდერული თანასწორობის რეალურ უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ სასტუმრო „ჰილტონში“ გენდერული თანასწორობის და მრავალფეროვნების კონფერენციის გახსნისას.

 კონფერენცია სახელწოდებით  - „გადადგი ნაბიჯი თანასწორობისკენ“, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

 ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნიკ ბერესფორდი.

პანელური დისკუსიის -  „თანამშრომლობა - ნაბიჯი თანასწორობისკენ“ მონაწილეებმა -  აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ- მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა - ხატია წილოსანმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელმა - ნათია ღვინიაშვილმა, დღეს არსებულ მდგომარეობასა და ამ კუთხით გასატარებელ პრევეცნიულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

  კონფერენცია, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები: მარინე გვიანიძე, ცოტნე ანანიძე და ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ, კიდევ ერთ პანელური დისკუსიას დაეთმო  თემაზე:  „სექტორთაშორისი თანამშრომლობა გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის“.