უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ იუბილარია - ქართული ეროვნული საგანძურის სამსახურში ერთგულად განვლილი ოთხი ათეული წლისთვის, ანსამბლის სრულ შემადგენლობას „ღირსების ორდენები“ საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ გადასცეს.
„ბერმუხა“ 1982 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 80 კაცისგან შედგებოდა. სახელი ქორეოგრაფიული ანსამბლს წევრების ასაკის გამო შეერქვა და მან საყოველთაო სიყვარული იმთავითვე დაიმსახურა. „ბერმუხას“ რეპერტუარში აჭარული ტრადიციული ცეკვებია, რომელსაც ანსამბლში დარჩენილი უხუცესები მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ხელწერით ასრულებენ. მოცეკვავეთა შორის ყველაზე უფროსი - მუხამედ ირემაძე 100 წელსაა მიტანებული.
ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდა, საიუბილეო თარიღი ბერმუხელებს, ხელისუფლების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ ანსამბლის წევრებს გულითადი მადლობა გადაუხადეს აჭარული ცეკვების პოპულარიზაციისა და ქართული ფოლკლორისთვის გაწეული უდიდესი სამსახურისთვის.