10 ოქტომბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  გასვლითი სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე ხელმძღვანელობდა, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხებს დაეთმო.

შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტის წევრებმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - მარი ზანაქიძისგან, არსებული მდგომარეობისა და გამოწვევბის შესახებ კი, თანამომხსენებლის, ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის - სოსო ჯახიასგან მოისმინეს.

მარი ზანაქიძის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი ქვეპროგრამა - ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით, კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, რეაბილიტაციას, მათი და ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ დახმარებას ითვალისწინებს და ამისთვის 730 ათას 750 ლარია განსაზღვრული, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა მილიონ ორმოცდათორმეტი ათას სამასი ლარით ფინანსდება.

აჭარაში სამი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი ფუნქციონირებს - თითოეული 24 ბენეფიციარზე გათვლილი, ბათუმის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში კი სათანადო მომსახურებით სარგებლობა 50 პირს შეუძლია.

კომიტეტმა მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება ცნობად მიიღო.

დღესვე, ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გასვლითი სხდომა, ბათუმის სამედიცინო ცენტრში -  „ბი-ემ-სი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ეს დღე ყოველი წლის 10 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება და მისი  მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება.