10 დეკემბერი

 „შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში“ – კონფერენცია, რომელიც ბათუმში გაიმართა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, IFES -ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - რენატა ლევოვსკიმ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - ლევან იოსელიანმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ - გიორგი შარაბიძემ და მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გახსნეს.

 კონფერენციის პირველი პანელი „პოლიტიკას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს“, ხოლო მეორე და მესამე „უფლებრივ მდგომარეობას და თანასწორობას (ძალადობა, გენდერული ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია)“ დაეთმო.

 მეორე პანელში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ შშმ ქალთა უფლებების რეალიზებისთვის თანასწორი პირობების, თანასწორი გარემოს საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

 სამივე პანელი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და შემაჯამებელი რეკომენადაციების მიღებით დასრულდა. კონფერენცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ღია სივრცე კავკასიას (COS) და ევროკავშირი საქართველოსთვის მხარდაჭერით, სიმბოლურად უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს გაიმართა.

 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.