28 აპრილი

   „დროულ იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. ეს გახლავთ ერთ-ერთი ეფექტური გზა ჯანმრთელობის დაცვის, პრევენციისა და იმუნიზაციის თვალსაზრისით, ამიტომ შესაბამის ღონისძიებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იმუნიზაციის კვირეულის წლევანდელი სლოგანი - „პრევენცია, დაცვა, იმუნიზაცია“ სწორედ ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, ბათუმში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის შეჯამებისას.

   ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი უძღვებოდა, აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდანაა ჩართული. ვაქცინაციასთან დაკავშირებული პიარკამპანია, ყოველწლიურად, აპრილის ბოლოს, განსაკუთრებით, აქტიურდება და მისი მიზანი, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

  ევროპის იმუნიზაციის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე - მარინა ზანაქიძე და მედიკოსები ესწრებოდნენ.