23 მაისი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზეპირი მოსმენა გაიმართა თემატურ მოკვლევაზე - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ღია მმართველობის შეფასება“. მოსმენაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრი - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ამავე საბჭოს წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისა და იურიდიული პირებისაგან მოისმინეს ინფორმაცია ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ.

 კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე მოსმენაზე, ყურადღება გამახვილდა მოქალაქეების ჩართულობის, შენობებისა და ვებ-გვერდების ადაპტირების, ონლაინ პლატფორმებით, სოციალური ქსელებით ღიაობის უზრუნველყოფის მექანიზმების, შეფასების კრიტერიუმებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრთა განცხადებით, თემატური მოკვლევის საფუძველზე, ღია მმართველობის გასაუმჯობესებლად, შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი დაწესებულებებისთვის.

 საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევა ღია მმართველობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელდა. ზეპირ მოსმენამდე, დაინტერესებულ მხარეებს, რეგიონის აღმასრულებელ ორგანოებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ უმაღლესი საბჭოსათვის წერილობით წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები მოკვლევასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებგვერდზე - www.sca.ge.