26 ივნისი, 2009 წელი
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ტრაპიზონის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიიღო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ტრაპიზონის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიიღო. მიხეილ მახარაძისა და თურქი ბიზნესმენების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე თურქმა ბიზნესმენებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინვესტიციების ჩადების სურვილი გამოთქვეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით ახალი ინვესტიციები ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
მსგავსი შინაარსის შეხვედრას რეგიონის პირველი კანონმდებელი მალე ანკარაში გამართავს. მიხეილ მახარაძე თურქეთის დედაქალაქში მოქმედ ბიზნესმენებს შეხვდება და აჭარის საინვესტიციო გარემოს გააცნობს.
”ბევრი რამე კეთდება მათი ინვესტიციებით და ესენიც ახალი პროგრამებით მოდიან, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთად მომავალში. საუბარია ახალი სასტუმროების აშენებაზე, ახალი კაფე-ბარების გახსნაზე და კიდევ ამ ურთიერთობებისას ჩამოყალიბდება პოზიციები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთობლივად და მათი ინვესტიციებით” - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.
შეხვედრაზე თურქეთსა და საქართველოს შორის 72 საათიან უპასპორტო მიმოსვლაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ უპასპორტო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მომავალში გაგრძელდება.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება