საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17.მაისი.2026

      ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ ამ დღეს. მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების, მათ შორის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და მისი მებრძოლების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

      ბათუმში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა. ტრადიციულ საყოველთაო  მსვლელობას შეუერთდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო მაისურაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ჩოხოსანთა დასისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

      ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და  თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ერთიანობითვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა საძმო საფლავთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.

    17 მაისი - ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, ჩვენს ქვეყანაში 2014 წლიდან აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, აწ განსვენებული ილია მეორის ინიციატივით.

სურათები