ჩირუხში „შუამთობა" აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ადგილობრივებსა და სტუმრებს „შუამთობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს.
"შუამთობა" ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ეს დღე გვაერთიანებს საერთო ღირებულებების, წინაპართა ტრადიციების პატივისცემისა და ჩვენი ისტორიული ფესვების სიყვარულის გარშემო. ჩირუხი ყოველთვის იყო ერთიანობის, სტუმართმოყვარეობისა და მთის ღირსების სიმბოლო",- განაცხადა შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები, მოწვეული ცნობილი ქართველი მომღერლები და ბენდები მონაწილეობდნენ.
"შუამთობისთვის" საგანგებოდ მოეწყო საბავშვო, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები.
საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი დაათვალიერეს.
„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია და მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.

























