საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

26.აგვისტო.2026

ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში, „ოცნების ქალაქში“, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, მინდია დიასამიძე , ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტის, ადაპტირებული ორსართულიანი შენობა 4667, 6 კვმ მიწის ფართობზე შენდება. 12-ჯგუფიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ჯამში, 300 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა საბავშვო ატრაქციონებითა და საბაღე ინვენტარით, მოიხატება ბაღის ეზო და კედლები, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა.

ამ დროისთვის ჩასხმულია საძირკველი და მიმდინარეობს პირველი სართულის მშენებლობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2025 წლის 2 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ტერიტორიაზე არსებული ბარაკული ტიპის საცხოვრებლების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აქ დასახლებულ მოსახლეობასთან, რის გამოც პროცესი 2026 წლის ივლისში დაიწყო. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2027 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.

სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე და აჭარის მთავრობის წევრები.

სურათები