აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, იაშარ ერგუნს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას, განსაკუთრებით კი აჭარასა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. საუბარი შეეხო პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარების პერსპექტივებს.
როგორც ცოტნე ანანიძემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით სამაგალითოა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას.
შეხვედრაზე ცოტნე ანანიძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, თურქეთის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
სტუმარმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყნის მნიშვნელობაზე. მან ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და ტურიზმის, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებზე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იაშარ ერგუნს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
იაშარ ერგუნი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის თანამდებობას 2026 წლის 15 სექტემბრიდან იკავებს.







