აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ბათუმში ორგანიზებული პროექტის - „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში 6-7 ნოემბერს გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ: ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი, კომისიის წევრი რიმა ბერაძე, პარლამენტის წევრები - ზაალ მიქელაძე, თორნიკე ფაღავა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„გმირის დღე“ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. მისი მიზანი ქართველ გმირთა ღვაწლის შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცოდნის გაღრმავება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაა.
პროექტის მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული გმირების უკეთ გაცნობაში ეხმარება.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკაში, თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის მეორე დღე თეატრალიზებულ წარმოდგენებს დაეთმო. თბილისის ჩუღურეთის რაიონის №220 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარადგინეს, ხოლო ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მარო მაყაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს. მოსწავლეებმა ასევე გამართეს პრეზენტაციები საკუთარი სკოლების ისტორიის შესახებ.


































