საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08.ნოემბერი.2026

7-8 ნოემბერს, ბათუმი, კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს - „BATUMI OPEN" და "GRAND PRIX" მასპინძლობდა. საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი - ანზორ ჩუბინიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, სახელოვანი სპორტსმენი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - მუხრან ვახტანგაძე და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეს არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბათუმს, ჩვენს რეგიონს შეუძლია ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო, ორგანიზებული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას. კონტაქტური კარატე მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის - ის დისციპლინის, მეტოქის პატივისცემის, თავმდაბლობის, ღირსებისა და სულის სიმტკიცის ერთგვარი ფილოსოფიაა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს, მადლობას ვუხდი მონაწილე ქვეყნებსა და ჩამოსულ სტუმრებს. წარმატება საქართველოს, ორგანიზატორებს და მსოფლიო სპორტს!“ - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

 ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი ზრდასრულთა შორის ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ დღეს, BATUMI OPEN-ის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის 12 ქვეყნის 320 სპორტსმენი, ხოლო მეორე დღეს გამართულ GRAND PRIX-ში, უფროსი ასაკის 65 სპორტსმენი მონაწილეობდა. 

საერთაშორისო ასპარეზობაში 12 ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა.

ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტის, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლისა და კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სურათები