საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09.ნოემბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძესთან ერთად, ბათუმში, რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
 
სტუმრებმა 385 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ბაღში სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი გარემო და სივრცეებია მოწყობილი.
 
გახსნის ღონისძიება ბავშვებისთვის სახალისო აქტივობებით, ზღაპრის გმირების მონაწილეობით, სახის მოხატვით, საპნის ბუშტებითა და მუსიკალური გაფორმებით იყო დატვირთული.
 
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება“ ფარგლებში განხორციელდა.
 
პროექტის მიზანია მუნიციპალური საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, შენობებში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება, უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესება და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვა.
 
პარალელურად, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით მოწესრიგდა საბავშვო ბაღის ეზო და გარე ინფრასტრუქტურა.  აღსანიშნავია, რომ №6 საბავშვო ბაღი ბათუმში ახალ სააღმზრდელო წელს გახსნილი უკვე მეოთხე რეაბილიტირებული საბავშვო ბაღია.
სურათები