ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. კანონმდებლების წინაშე შესაბამისი მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარდგა.
გაერთიანებულ სხდომას ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - ილია ვერძაძე და ლაშა სირაბიძე უძღვებოდნენ. მომხსენებლის განცხადებით, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით იზრდება და ერთი მილიარდ 59 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამასთან, კანონის პროექტი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით დაიგეგმა და თითქმის ყველა მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება. პროექტის თანახმად, იზრდება თითქმის ყველა მხარჯავი დაწესებულებისა და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - 97 000,0 ათასი ლარია, რაც იმას ნიშნავს რომ უწყების პროგრამებით გაცილებით მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ედნარ ნატარიძის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. ამავე სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვაც წარმოადგინა. ედნარ ნატარიძის განცხადებით, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი 97, 7 %-ით შესრულდა, შემოსავლების გეგმა 109 %-ით. სამინისტროების შესრულების მაჩვენებლები 9 თვის მონაცემებით ასეთია: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 73 %, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 93 %, განათლებისა და სპორტის სამინისტრო - 72, 6 %, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო - 65%, კულტურის სამინისტრო - 78%. წარმოდგენილი ანგარიში ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.





