აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.
კომიტეტის წევრებმა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2026 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა ჯემალ ნაკაშიძემ წარადგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საანგარიშო პერიოდში გარემოსდაცვითი მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა აჭარის მდინარეები, ზედაპირული წყლები და ატმოსფერული ჰაერი. ჩატარებული 72 ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ზღვრულად დასაშვები ნორმების გადამეტება არ დაფიქსირებულა. ასევე, მუნიციპალიტეტებიდან შემოსული 2247 განცხადების საფუძველზე, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, გეოლოგებმა შესაბამისი დასკვნები მოამზადეს. მომხსენებელმა ასევე შეაჯამა სამმართველოს 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლები.
შეხვედრაზე აჭარის სატყეო სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში და 2027 წლის პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 97 შემთხვევა გამოვლინდა. მომავალი წლიდან სააგენტო სატყეო სექტორის მართვის ახალ მოდელზე გადავა, რაც ხე-ტყის დამზადების, გამოტანისა და დასაწყობების პროცესების თავად განხორციელებას ითვალისწინებს.
2027 წელს, ასევე, გაგრძელდება ტყის ეკოტურისტული პოტენციალის განვითარება, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა, სოფელ შარაბიძეებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის ტყის მასივი და ადგილზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.
"მსგავსი გასვლითი შეხვედრები მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით სფეროში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლისთვის, შესაბამისი უწყებების საქმიანობის შეფასებისა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისთვის. დავათვალიერეთ ხელოვნურად განაშენიანებული ფიჭვის ტყის მასივი. ტყის რესურსების დაცვა და დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენა გარემოსდაცვითი, წყალდაცვითი და ნიადაგდაცვითი ფუნქციების გაძლიერებას უწყობს ხელს",- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აჭარის სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები.





















