აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა, ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივი ოლიმპიადებისა და კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და გამარჯვებულ გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
„ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი პროფესია მასწავლებლობაა - ქედს ვიხრი თითოეული პედაგოგის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანეს. მადლობას ვუხდი მშობლებს, ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებას, ბატონ ზურაბ პატარაძეს, განათლების მინისტრს, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ღონისძიების თითოეულ ორგანიზატორს განათლების სფეროს აქტიური მხარდაჭერისთვის. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ყველაზე დიდი ძალა და იარაღი ცოდნაა. სწორედ მსგავსი ოლიმპიადები აძლევს საშუალებას მომავალ თაობას, ამ საუკეთესო იარაღით აღიჭურვოს. ქვეყნის მომავალი თითოეულ ახალგაზრდაში, თქვენს შრომასა და სწავლაშია. ოლიმპიადის სლოგანი - თქვენი წარმატება ქვეყნის მომავალია! ყველაფერს ამბობს“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
2025-2026 სასწავლო წელს საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 144 გამარჯვებული, მათ შორის 17-მა მოსწავლემ წარმატებას ორ ან მეტ საგანში/კონკურსში მიაღწია.
საზეიმო ცერემონია მუსიკალური ნომრებით გააფორმეს: მაგდა მათითაიშვილმა, ანდრია ფუტკარაძემ, ანიტა აბგარიანმა, ასევე ქობულეთის №3 და დაბა შუახევის სკოლის ბენდებმა.
ღონისძიება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. მის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი მიღწევების წახალისება წარმოადგენს.
დაჯილდოებას აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და გამარჯვებული მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.









































