ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცათ.
სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის მერთან - ზაზა დიასამიძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზარალებული 121 ოჯახი ამიერიდან უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოში იცხოვრებს.
„მოსახლეობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. დღევანდელი დღე არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სოციალური პროექტით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურში მიმდინარე მშენებლობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა და ასევე „ოცნების ქალაქის“ პროექტი, რომლის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და სულ მალე 1077 ოჯახი მიიღებს ბინებს. ჩვენი მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე, მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად, თედორაძეების მრავალშვილიან ოჯახს სიმბოლური გასაღები გადასცა.
11-სართულიან შენობაში ბინები ოჯახების წევრთა რაოდენობის მიხედვით განაწილდა. ყველა ბინაში შეყვანილია წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და თითქმის ორ წელიწადში დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.























