აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინდია დიასამიძე, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრნენ.
სამინისტროს პროგრამა - „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ თანადაფინანსებით შეიძინონ ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მარცვლეულის საფქვავები, რძის საწველი აპარატები. ასევე ფინანსდება მეფუტკრეობის, მესათბურეობის, სამაცივრე მეურნეობის, ელექტრო ღობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.
ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას გააუმჯობესონ წარმოების პროცესი და გაზარდონ საკუთარი მეურნეობის ეფექტიანობა. პროგრამით უკვე ისარგებლა 2500-მდე ფერმერმა. წლის ბოლომდე ეს შესაძლებლობა კიდევ 4 000-მდე ბენეფიციარს მიეცემა.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერასა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს.
















