06 ივნისი

  7 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს მოისმენენ.  პლენარულ სხდომაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის თარიღი ბიუროს რიგით მე-9  სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე  - ტიტე აროშიძე უძღვებოდა. 

  კანონმდებლებმა სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი  -  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და დადგენილების პროექტი - ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“.

  შესაბამისი მოხსენებები სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა -  მარინე გვიანიძემ და ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინეს.

  ბიუროს სხდომაზე  სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.