ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ტრადიციული - „ტბელობა“ აღინიშნა. ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და ტბელ აბუსერისძის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ.
საზეიმო ღონისძიებები გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და მოღვაწის - ტბელ აბუსერისძის სახლ-მუზეუმის მონახულებით დაიწყო. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ღვაწლმოსილი მამულიშვილის დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე.
სახალხო დღესასწაულზე, ამჯერადაც დააჯილდოვეს საპატიო ხულოელები - წელს ეს წოდება საქველმოქმედო საქმიანობისთვის თენგიზ ქოქოლაძესა და თენგიზ ბაკურიძეს მიენიჭათ, ხოლო ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია ბესიკ ბაუჩაძეს გადაეცა სახელმწიფოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.
„ტბელობას“ მაღალმთიანი აჭარის დელეგატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ვახტანგ ბერიძე და ანზორ ბოლქვაძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივებისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.