დავით გაბაიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

06 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, უკრაინის ქალაქ ოდესაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ოდესის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან ანატოლი ურბანსკისთან. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე, საქართველოს კონსული ქალაქ ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილი და ოდესის რეგიონული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის  მემორანდუმს, რომელიც  წარმომადგენლობით ორგანოებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე გადაწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოში სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხი, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმუშავებენ.

უმაღლესი საბჭოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-7 სამიტში, რომელიც ევროპის რეგიონთა ასამბლეის ორგანიზებითა და გერმანიის მარშალის ფონდის პარტნიორობით მიმდინარეობს და მას მოდერატორობას ფონდის უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უწევს.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი